სიტყვის ძალა
ეს ვიდეო დიდი ხნის წინ მაქვს ნანახი. ახლა როცა ამ პოსტის წერა დავიწყე, რატომღაც გამახსენდა და კიდევ ერთხელ ვნახე. ის რაც მინდოდა მეთქვა ამ ვიდეომ ემოციურად გადმოგვცა.
რატომ ვერ შეძლეს გამვლელებმა ახალი სიტყვების იგნორირება? იმიტომ, რომ მათში გაიღვიძა ემოციამ, სხვა თვალით დაინახეს მოხუცის მდგომარეობა. ის რაც პირდაპირმა მოწოდებამ ვერ შეძლო, შეძლო ემოციურმა სიტყვებმა. ეს არის კონტენტ მარკეტინგი. საჭირო, დროული, ემოციური სიტყვებით ის ახდენს ზეგავლენას ადამიანების ქცევაზე.
კონტენტი არის კომპანიის ხმა, კონტენტი ყვება ამბავს თქვენს შესახებ, სანამ თქვენ ხართ დაკავებული თქვენი ბიზნესის განვითარებით.
სანამ ადამიანი მიიღებს რაიმეს ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას, ის იწყებს ძებნას ინტერნეტში. ეძებს მანამ, სანამ არ იპოვის მისთვის საჭირო ინფორმაციას, რომელიც უბიძგებს მას გადაწყვეტილების მიღებისკენ. რაც უფრო მეტი იქნება თქვენი კომპანიის კონტენტი ინტერნეტში მით უფრო სწრაფად მიიღებს ადამიანი გადაწყვეტილებას თქვენი კომპანიის სასარგებლოდ.
წარმოვიდგინოთ რომ გვსურს ავეჯის შეძენა. რას ვაკეთებთ? რათქმაუნდა, პირველ რიგში ვეძებთ google-ში. google გვიყრის უამრავ სტატიას ავეჯის შესახებ, სადაც არის რჩევები, ტენდენციები, ინფორმაცია: სად, რა ფასში შეიძლება სასურველი ავეჯის შეძენა. ვაწყდებით საინტერესო რჩევებს, როგორ შევარჩიოთ ავეჯი, როგორ შევუხამოთ ის სხვადასხვა ინტერიერს, რა არის ბოლო პერიოდის ტენდენციები, სად შეგვიძლია შევიძინოთ ხარისხიანი ავეჯი. 20 მსგავსი სტატიიდან 15 სტატიაში ამ საჭირო ინფორმაციას გვაწვდის რომელიმე კონკრეტული ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რჩევებს გვაძლევს კომპანიის დიზაინერი. საინტერესო ამბავს გვიყვება იგივე კომპანიის წარმომადგენელი. რომელი კომპანიისადმი გაგვიჩნდება ინტერესი, ნდობა? რათქმაუნდა იმისკენ ვინც ბევრს გვიამბობს.
სწორად შევარჩიოთ სიტყვები
კონტენტ სტატია პრინციპულად განსხვავდება სარეკლამო ტექსტისგან. ის არ ყიდის პროდუქტს, ის ამყარებს მკითხველთან მყარ ურთიერთობას. პირველ რიგში, ვფიქრობთ მკითხველზე, რა სარგებლობას მოუტანს მათ ჩვენი სტატია?! დასაწყისშივე უნდა დავანახოთ საკითხის/პრობლემის არსი და შედეგი. მაგალითად, თუ ჩვენ ვამზადებთ სტატიას, იმაზე თუ როგორ შევარჩიოთ სუფთა, ხარისხიანი რძის პროდუქტი, ჯერ უნდა დავსვათ პრობლემა, რომ ქუჩაში შეუფუთავი რძის პროდუქტის ყიდვისას დიდი ალბათობაა დაბინძურებული პროდუქტი შეგვრჩეს ხელში. ასევე მნიშვნელოვანია, დავეყრდნოთ ფაქტებს და არ მოვატყუოთ მკითხველი. მაგალითად, ნუ ვიტყვით, რომ დიეტა ერთადერთი საშუალებაა ფორმაში ჩასადგომად, რადგან არსებობს სხვა საშუალებებიც. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ უნდა ვასწავლოთ მკითხველს, უნდა ვურჩიოთ მას. წარმოვიდგინოთ, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვართ.
კონტენტმა უნდა აიყოლიოს მკითხველი, მიუახლოვდეს მას, გაუჩინოს სურვილი, გაუზიაროს წაკითხული სხვას. საუკეთესო კონტენტის ”დუღილისთვის” მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა.
გთავაზობთ ინფოგრაფიკას
No comments:
Post a Comment