Pages

Tuesday, September 22, 2015

ამბავის ძალა მარკეტინგში

თვეზე მეტია არაფერი დამიწერია. ამის მიზეზი არც შვებულებაა და არც თემების სიმცირე. უბრალოდ ამ ხნის განმავლობაში ათი თითის ნაცვლად მხოლოდ ცხრა მქონდა მუშა მდგომარეობაში. მარჯვენა ხელის ერთი, სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი თითი მტევანთან ერთად თაბაშირში განისვენებდა. და აი ორი დღეა დავიბრუნე ცერიმართალია, ჯერ სრულად მწყობრში არ არის, მაგრამ მისმა გადარჩენამ სტიმული  მომცა რომ რაღაც დამეწერა


ექიმების წრეში ვიზრდებოდი. მამა მყავს ექიმი და პატარაობიდან სულ თეთრხალათიანებს ვუყურებ, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობდი  პაციენტის როლთვის თავი ამერიდებინა. ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო. ყოველ მომდევნო რენტგენს მოუთმენლად ველოდი, იმის იმედით რომ თაბაშირს მომხსნიდნენ, მაგრამ  ერთიდაიგივე პასუხით მისტუმრებდნენ : " ჯერ როგორც იყო ისევ ისეა, შეხორცება არ დაწყებულა". ოპერაციის შესაძლო აუცილებლობაზეც მაფრთხილებდნენ, თუმცა რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რომ ოპერაციას გადავრჩებოდი და ასეც მოხდა

 31 წლის ისე გავხდი მოტეხილობა კიარა მგონი ნაკაწრიც არ მქონია. ისეთი ბავშვი ვიყავი, ეზოს თამაშები რომ დიდად არ იტაცებთ და ძირითადად "სახლური" თამაშებით ირთობენ თავს. ალბათ ცუდია,  რადგან სხვა შემთხვევაში პატარა გამოცდილება მაინც მექნებოდა, როგორ მოვქცეოდი დაზიანებულ ხელს


არადროს დამავიწყდება ბოლო რენტგენის ნახვისას ჩემი ექიმის სიხარულისგან ანთებული თვალები. ადგა, გადამკოცნა და მითხრა: გილოცავ, დღეს თაბაშირს მოვიხსნით. არადა თავიდან ისეთი მკაცრი მომეჩვენა, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასე გული შეტკიოდა. პირველ დღეს გადაჭრით მითხრა: ”40 წელია ვმუშაობ და ასეთი მოტეხილობა არ მინახავს. 5-6 კვირა თაბაშირში უნდა იყოს! მკაცრი, თუმცა გაწონასწორებული, მშვიდი ტონი ჰქონდა. მომერიდა, მაგრამ მაინც შევბედე :" იცით მე ვმუშაობ. ორი რამ მაინტერესებს ამ ხნის განმავლობაში კომპიუტერთან მუშაობას და მანქანის მართვას თუ შევძლებ. მის პასუხზე გავშრი. "მე არც თქვენი სამსახური მაინტერესებს და არც თქვენი მანქანა, მე მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა მაღელვებსძვალი სიგრძეზეა გატეხილი , ასე რომ ძალიან მოფრთხილება უნდა, რომ არ აცდეს ერთმანეთს. თითქმის სულ უმოძრაოდ უნდა გქონდეთ”.  ამ სიტყვებში და ხმის ტემბრში საოცარი მზრუნველობა და შინაგანი სიმშვიდე ვიგრძენი.ის დაწვრილებით მიხსნიდა რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. 

ბოლო დღეს, თაბაშირი რომ მომხსნა და ხელს დავხედე, მეგონა სხვა ადამიანის თითი მქონდა:  დამჭკნარი, გათეთრებული და უსიცოცხლო. სიმწრისგან თვაები ცრემლებით ამევსო. ბატონმა ვოლტერმა შემამჩნია და ღიმილით მკითხა:  არ მოგწონს?! ნუ გეშინია,  მალე ისევ დანარჩენი თითებივით ლამაზი გახდება". ეს ისე მითხრა, მეგონა წინ ბაბუაჩემი იდგა. ბაბუა, რომელიც მენატრება და რომელიც ზუსტად ვიცი ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო ამ ამბავს ვერ გადაიტანდა!  

აი ექიმი! ეს არის გამოცდილება,  შინაგანი კულტურა,  პაციენტის და საკუთარი საქმის სიყვარული. პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ. მან ხომ პირველივე დღეს ზუსტად განსაზღვრა ციფრი, რამდენ დღეში მომხსნიდა თაბაშირს. ასეთები ბევრნი არ არიან და მაინც, რა ბედნიერებაა რომ არსებობენ!

რომელი უფრო მიიქცევდა თქვენს ყურადღებას
 სტატია რომელიმე საიტზე, ჟურნალსა თუ სოციალურ ქსელში სათაურით: რას ყვება პაციენტი ექიმზე, რომელმაც ის ოპერაციას გადაარჩინა?!" - ფოტოზე თაბაშირიანი პაციენტი უიმედო სახით.
თუ,  სარეკლამო სტატია სათაურით: ”შპს. ტრავმატოლოგიურში მაღალკვალიფიციური ექიმები მუშაობენ" - ფოტოზე კლინიკის სტატიკური ლოგო?.  
ვფიქრობ  პირველი. მას თქვენ წაიკითხავთ, რაიმე ემოცია დაგეუფლებათ, სევდა თანაგრძნობა, სიამაყე, სიხარული.  აქ ირთვება თავის ტვინის ის ნაწილაკები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ყურადღების გამახვილებასა და მეხსიერების გაძლიერებაში. თქვენ დიდი ხნის განმავლობაში გამახსოვრდებათ ამბავი  და  საბოლოოდ  ის საჭირო სიტუაციაში წამოტივტივდება თქვენი მეხსიერების  ზედაპირზე. ღმერთმა ყველა დაგიფაროთ და რაიმე შემთხვევისას თქვენ  გაგახსენდებათ წაკითხული ისტორია  და გაგიჩნდებათ სურვილი სწორედ იმ კლინიკაში წახვიდეთ, ან სხვას ურჩიოთ რომ წავიდეს,  სადაც ამბავის მთავარი გმირი  მუშაობს.  
ეს არის ამბავის ძალა. და  ეს არის კონტენტ მარკეტინგიც:  ემოციური, საჭირო ამბავი მიაწოდო ადამიანებს, რომელიც მათ დაამახსოვრდებათ, ამაზე ისაუბრებენ, გამოაქვეყნებენ  პოსტს, გაუზიარებენ  შთაბეჭდილებებს მეგობრებს. ასე ხდება ამბავი ვირუსული, თემაში უამრავი ადამიანი ერთვება და მიზანიც მიღწეულია.



p.s. რას წარმოიდგენდა ბატონი ვოლტერი, რომ მისი ერთერთი ჩვეულებრივი პაციენტი, ერთ პატარა ბლოგზე, მასზე წერილს გამოაქვეყნებდა, რომელიც დიდ ინტერნეტსივრცეში მოხვდებოდა. 


No comments:

Post a Comment