Pages

Wednesday, August 5, 2015

რეკლამა VS კონტენტ მარკეტინგი

რამდენიმე კვირის წინ  უმცროსმა შვილმა გამოგვიცხადა: ” გთხოვთ  დაბადების დღეზე iphone 5 C მაჩუქეთ, თუ ვერ მაჩუქებთ, მაშინ სხვა არაფერი მაჩუქოთ”. რაც უფრო უახლოვდებოდა მისი დაბადების დღე, ამას სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებდა. ამან, ჩემი ვარაუდით, უფროსიც დააფიქრა, ამას თუ აქვს შანსი რომ iphone 5 C ჰქონდეს, მე რითი ვარ ნაკლები, პირიქით უფროსი ვარ და მეტი მეკუთვნისო. თუმცა, უმცროსისგან განსხვავებით, თავისი სურვილი სულ სხვანაირად გამოხატა:


დღე I - დე, შენი ტელეფონი მგონი დაძველდა ნაჩხაპნები აქვს. არ მოგწონს Iphone 6?
დღე II - დე, იცი iphone 6 -ს უფრო მაღალი ხარისხის კამერა აქვს და თუ გექნება მაგარ სელფებს გადაიღებ
დღე III - დე,  iphone 6 ბევრად სწრაფად შედის პროგრამებში და ინტერნეტში,  თან მაგარი გამოსახულება აქვს
დღე IV -დე,  ახალ ტელეფონს რომ იყიდი შენსას რა უნდა უქნა?
დღე V - დე, თუ გინდა შენი iphone მე მაჩუქე, მე ნანუსავით სულაც არ მაქვს პრეტენზია ახალ ტელეფონზე, ესეც ძალიან გამეხარდება, თან ბევრი ფულის დახარჯვაც არ მოგიწევს.

რომ დავფიქრდე, ერთი შეხედვით, მომინდა უმცროსისთვის ამეხსნა, რომ ის ჯერ iphone 5 ისთვის პატარაა, მისთვის 4-იც საკმარისი იქნება, თანაც ასე პირდაპირ და კატეგორიული ტონით არ არის ლამაზი, მშობლებს მოსთხოვოს ასეთი ძვირფასი ნივთი. უფროსის მოკრძალებამ, განსხვავებულად მიდგომის უნარმა კი მომხიბლა და ვიფიქრე, სულაც არ მინდა მე ახალი  მას ვუყიდი და გავახარებმეთქი. თუმცა აქ საქმე შვილებს ეხება, დედობრივი ინსტიქტი ერთვება და რას ვიზავ ჯერ კიდევ არ ვიცი. საბოლოოდ ალბათ ორივეს სასარგებლოდ გადაწყდება საკითხი. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ ისინი ჩემი შვილები კიარა აიფონის წარმომადგენლები არიან. ერთი პირდაპირ მეუბნება: შეიძინე Iphon 6, ის კარგია. მეორე კი პერიოდულად მაძლევს რჩევებს, როგორ მივიღო  ახალი ტელეფონის შეძენის გადაწყვეტილება, მაწვდის ინფორმაციას, რით არის გამორჩეული ახალი მოდელი, რა სარგებელი მექნება მისი შეძენის შემთხვევაში. მეტყვის რა რისკები ახლავს ძველი, გაუმართავი ტელეფონის ქონას.

სულ მიკვირს, როგორ ხდება, რომ ერთი დედმამის შვილები რადიკალურად განსხვავებულები გამოდიან. ყველაზე მეტად ჩემი შვილები მაოცებენ. განსხვავებული ხედვა, განსხვავებული მიდგომები, დამოკიდებულებები, საყვარელი საკვებიც კი განსხვავებულია. თუმცა კარგად თუ დავფიქრდებით,  მშობლებიც განსხვავებული ჰყავთ და ალბათ ლოგიკურია, მაგრამ ნუ მაინც მიკვირს და რა ვქნა.

რეკლამა და კონტენტ მარკეტინგიც სწორედ ასეთი დედმამიშვილები მგონია.  ძალიან განსხვავებულები რომ არიან ერთმანეთისგან და ამავე დროს ერთმანეთს რომ ავსებენ თავისი არსებობით.

ისევ ჩემს ამბავს რომ დავუბრუნდეთ: ნეტავ რომელი უფრო მოახდენს ჩემზე ზეგავლენას? ალბათ მეორე. დამაფიქრებს, მაიძულებს უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო, კარგად შევადარო ერთმანეთს ჩემი და ახალი მოდელები. თუმცა ამ ძიების დროს პირველიც თუ ხშირად მომხვდა თვალში და ხშირად მომესმა: შეიძინე iphon 6,  ის კარგია,  ალბათ ეს მეტ ბიძგს მომცემს და საბოლოოდ მაყიდინებს  მსოფლიოს მიერ აჩემებულ ამ ტელეფონს. 

მთელი ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა ინტერნეტში ამ ინფოგრაფიკას გადავაწყდი, ის ცხადად ასახავს განსხვავებას რეკლამასა და კონტენტ მარკეტინგს შორის. მთავარია სწორად განვსაზღვროთ როდის გვჭირდება რეკლამა, როდის კონტენტ მარკეტინგი, და როდის ორივე კომპლექსურად. ამაზე, უფრო დეტალურად, ვეცდები  შემდეგ პოსტებში ვისაუბრო. 


No comments:

Post a Comment